აქტუალური
პრეზიდენტი პროკურატურის სისტემურ რეფორმირებას ითხოვს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს შეეხო, არასაკმარისი უწოდა და პროკურატურის სისტემური რეფორმირების აუცილებლობაზე ილაპარაკა. როგორც პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას აღნიშნა, პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები  არასაკმარისია, განსაკუთრებით, პროკურატურის ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით. „ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია, საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.