საზოგადოება
თბილისის საკრებულოს კომისიის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს.

 მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებული და დამტკიცებული  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2015-2020  წლების  სამოქმედო გეგმა“ წარმოადგინა და იმ ტრადიციის მნიშვნელობასა და შენარჩუნებაზე ისაუბრა, რომელიც თბილისში სხვადასხვა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენლების მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს.

 სხდომას კომისიის წევრებთან ერთად  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს ფრაქციასთან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კახა ცეცხლაძე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.