აქტუალური
„ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს“ – ხიდაშელი

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ქართველი სამხედროების გასამხნევებლად თინათინ ხიდაშელი სენაკის II ბრიგადაში იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა, რომლებიც 2014 წლის შემოდგომაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში მონაწილეობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის არის ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. ისინი არ არიან ბედნიერი ამ დღეების განმავლობაში მედიაში არსებული გამოხმაურებებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციის გუნდი, რომელიც ამ საქმეს იკვლევს, უკვე ემზადება ცენტრალურ აფრიკაში გასამგზავრებლად.

 „რაც ჩვენ კრიტიკულად გვჭირდება, არის ინფორმაცია, რომელსაც ველოდებით ჟენევიდან. ჩემს მოადგილეს ანა დოლიძეს აქვს კომუნიკაცია უმაღლესი კომისრის ოფისთან და კვირის ბოლომდე ველოდებით, რომ ეს ჩვენებები გვექნება უკვე თბილისში. პირადად მაქვს წაკითხული აბსოლუტურად ყველა ანგარიშისა და გზავნილის ყველა ფურცელი და ბწკარი, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან იმ ექვსი თვის განმავლობაში გამოგზავნილა. ამიტომ, როგორც კი გვეცოდინება ლოკაციები, თარიღები და კონკრეტულად ვინ რაზე გვედავება, პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ჩვენი პასუხები. გამოძიებას ვერ დავიწყებთ, ვიდრე არ გვექნება ფაქტობრივი გარემოებები, იმ ადამიანების ჩვენებები, ვინც რაღაცას გვაბრალებს. გვაქვს მხოლოდ პრესრელიზი. ამიტომ მიმდინარეობს მოკვლევა, რომელსაც აწარმოებს სამხედრო პოლიცია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.