პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობას ახალი პროექტების განხორციელების დაჩქარების თხოვნით მიმართა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აჭარას აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი რეგიონი საქართველოში.

 „ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორს შევხვდი. ზოგადად, ახალი პროექტების განხორციელების სურვილი არის, მაგრამ ვისურვებდი, ცოტა მეტი სიჩქარე მენახა ამ მიმართულებით. აჭარაში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგია, მაგრამ პოტენციალი უფრო მეტია. ჩვენ გვინდა, ეს დაფარული რეზერვები ავამოქმედოთ და აჭარას განვითარების კიდევ უფრო მეტი დინამიკა შევძინოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც აჭარის მთავრობის წევრებმა რეგიონში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

 პრემიერ-მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ ცენტრალური მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა ეკონომიკური პროექტები მაქსიმალურად დაჩქარდეს და, აგრეთვე, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია.