რედაქტორისგან
Happy birthday dear Misha?!

1foto2010 წლის 21 დეკემბერს, 13:00 საათზე, მოსკოვში, პოკლონაია გორაზე გაიხსნა მონუმენტი „ფაშიზმთან ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“. ძეგლი გახსნეს რფ-ის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა (ვისაც ეს იდეა ეკუთვნის) და მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. „ამ მონუმენტის ერთ-ერთი შემქმნელი და შთამაგონებელია ''ქართველთა კავშირი რუსეთში“ – ამის თაობაზე იუწყება „კავშირის“ ვებსაიტი ( www.georgians.ru), რომლის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ძეგლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა.

მასთან ერთად იმპროვიზებულ ტრიბუნაზე იდგნენ ომისა და შრომის ვეტერანთა მოსკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ დოლგიხ, საქართველოს ექსპრემიერი, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი (რომელიც დიქტორმა გამოაცხადა როგორც ნოგოიდელი) და საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, მოძრაობა – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე (რომელიც დიქტორმა გამოაცხადა როგორც ბურჯანაშვილი). რუსეთის მედიამ კი ბურჯანაძე „ყველაზე ცნობილ“, „ყველაზე თვალსაჩინო“, „ყველაზე გამოჩენილ ქართველ პოლიტიკოსად“ მოიხსენია (რა თქმა უნდა, რუს ჟურნალისტებს მხედველობაში ჰქონდათ არა მისი უიღბლო ოპოზიციონერობის ბოლო წელიწად-ნახევარი, არამედ შვიდწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე (2001-2008 წ.წ., რისთვისაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას „რკინის ლედი“ უწოდა) და „ვარდების რევოლუციაში“, როგორც „სამეულის“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ შეტანილი წვლილი (2003 წლის ნოემბერში, მ. სააკაშვილსა და ზ. ჟვანიასთან ერთად).2foto

 

– წამოდით, ერთად გავხსნათ, – მიმართა მას პუტინმა.

– მე ხომ არავის მოვუწვევივარ?! – შეცბუნდა ბურჯანაძე.

– ერთად შევქმენით და ერთადაც გავხსნით! – მიუგო პუტინმა.

გახსნის ცერემონიაზე ვ. ვ. პუტინის გამოსვლიდან: „ამ ძეგლით პატივს მივაგებთ წინაპართა უკვდავ გმირობას და ამავე დროს, ის ჩვენი საერთო ნებელობის, მტკიცე გადაწყვეტილების დამოწმებაა, რომ სათუთად გავუფრთხილდეთ სიმართლეს გმირებზე, დავიცვათ ის ცინიზმის, ბარბაროსობისა და სიცრუისგან, ერთად აღვუდგეთ წინ ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, ექსტრემიზმს, რაგინდ მიმზიდველი ლოზუნგებით უნდა იყოს გარეგნულად გაფორმებული. ახალი მონუმენტი სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის ხალხების დარაზმულობის სიმბოლოა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ბრძოლა გადაიტანეს. ეს შეხსენებაა იმისა, რომ ფაშიზმთან ბრძოლაში ნამდვილად ერთად ვიდექით! დღეს ჩვენ კვლავ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე, ვინც გამარჯვებისთვის ყველაზე დიდი საფასური – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დიდ სამამულო ომში გამარჯვებას არა მარტო იარაღის ძალით, არამედ, უწინარესად, ნებისყოფის, მამაცობის, ხალხთა მისწრაფების წყალობით მივაღწიეთ. ერთი წლის წინათ, პრაქტიკულად, ყველა ტელეარხი მოიარა ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების კადრებმა. სახელმწიფო ვანდალიზმის სამარცხვინო აქტმა, რომელმაც მსოფლიოში და, უპირველსად, საქართველოში, დიდი აღშფოთება და გმობა გამოიწვია. ხალხი ვერ დადგება იმათ გვერდით, ვინც სახალხო ხსოვნას ანადგურებს, მით უფრო, საკუთარი გმირებისას, ზურგს აქცევს საკუთარ ისტორიას, მეგობრობისა და ურთიერთგაგების საუკუნოვან ტრადიციებს. დარწმუნებული ვარ, არავის ძალუძს, ერთმანეთს წაჰკიდოს რუსი და ქართველი ხალხები, გაწყვიტოს ჩვენ შორის ადამიანური, სულიერი კავშირები. მომავალი რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლურ, თანაბარუფლებიან, პარტნიორულ ურთიერთობებს ეკუთვნის! ამისკენ გულწრფელად მივისწრაფვით“.3foto

ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიაში, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც რაიხსტაგზე დროშის აღმართვას განასახიერებს, მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა კავშირის გმირების - ალექსეი ბერესტის, ნიკოლაი ეგოროვისა და მელიტონ ქანთარიას შთამომავლებმა (ამ ბოლო ორი გმირის ფიგურა ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული), ასევე დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა რუსეთიდან და საქართველოდან. მთელი არქიტექტურულ-მემორიალური კომპლექსის ფართობი ათასამდე კვადრატული მეტრია, ხოლო ძეგლის სიმაღლე პოსტამენტთან ერთად – 14.5 მეტრს შეადგენს. სკულპტურული კომპოზიცია „რაიხსტაგის“ პროექტის ავტორები არიან რუსეთის სახალხო მხატვარი ანდრეი კოვალჩუკი, მხატვარი სალავატ შჩერბაკოვი და არქიტექტორი ვასილი პერფილიევი. ძეგლი ნებაყოფლობითი შემოწირულობებით იქმნებოდა - საქველმოქმედო შემოწირულობები გაიღო 6235-მა უბრალო მოქალაქემ და 317-მა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.

ოფიციალური თბილისის რეაქცია, როგორც ყოველთვის, ორიგინალური იყო – სლოგანი „ფაშიზმთან ბრძოლაში ერთად ვიყავით“ საქართველოს ხელისუფლებამ აღიქვა როგორც „სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში პუტინი და ბურჯანაძე ერთად იყვნენ“ და ალაპარაკდა კოლაბორაციონიზმზე, პროვოკაციებზე, უტიფრობასა და ცინიზმზე.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი განსასჯელად მხოლოდ ერთ ინფორმაციას დაამატებს: უწინ ვარაუდობდნენ, რომ ძეგლი 2010 წლის 19 დეკემბერს გაიხსნებოდა – ზუსტად ერთი წლის თავზე მას შემდეგ, რაც ქუთაისში დიდების მემორიალი ააფეთქეს, მაგრამ გახსნა რატომღაც 21 დეკემბრისთვის გადაავადეს. ნუთუ იმიტომ, რომ მონუმენტის აღმართვა მიხეილის დაბადების დღისთვის დაემთხვიათ? არა, მიხეილ ხუბუტიას კი არა, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის?! სააკაშვილის დაბადების დღისთვის უკეთესი საჩუქრის მოფიქრება არც შეიძლებოდა (მისი იმ სისუსტის გათვალისწინებით, რომ ყველაფერს სამახსოვრო თარიღებს ამთხვევს!): „ვარდების რევოლუციაც“ კი მიშამ 23 ნოემბერს მოაწყო და ის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საეკლესიო დღესასწაულს – „გიორგობას“ დაამთხვია (საქართველოში ყველაზე პატივსაცემი წმინდანის – წმიდა გიორგის ხსენების დღეს, რომლის სახელსაც ქვეყნის - „Georgia“-ს წარმოშობას უკავშირებენ).

საინტერესოა, იცოდა თუ არა ეს პუტინმა? ნუთი ვლადიმერ ვლდიმერის ძეს არ მოახსენეს ამის შესახებ მის გარშემომყოფმა ქართველებმა?!

P. S. მაინც ვიმედოვნებთ – მონუმენტის გახსნა 21 დეკემბრისთვის იმიტომ გადადეს, რომ ის უმაღლესი მთავარსადლის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადების 131–ე წლისთავისთვის დაემთხვიათ.