აქტუალური
„ვწუხვარ, რომ ტყემალაძე მაინც მეგობრისკენ გადაიხარა, ვიდრე პარტიული ინტერესების დაცვისკენ“ – დავით ბერძენიშვილი

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძეს პარლამენტის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და, ამასთან, ზურაბ ტყემალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

 „ძალიან ვწუხვარ, რომ „მრეწველთა“ პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, რომელიც ფრთხილი და კორექტული კაცია, მაინც მეგობრისკენ გადაიხარა, ვიდრე პარტიული ინტერესების დაცვისკენ. როცა ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის კოალიციის ლიდერს არ ეთანხმება, არ მგონია, ეს კარგი იყოს. რესპუბლიკური პარტია „მრეწველებთან“ კარგად ვთანამშრომლობთ და ერთი კაცის პოზიციას თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ნუ გადააყოლებენ. თოფაძეს მისი სიტყვის შესრულების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. არ მინდა, „მრეწველებს“ პრობლემა ჰქონდეთ. არ მინდა, ზურაბ ტყემალაძეს პრობლემა ჰქონდეს კოალიციასთან მიმართებაში. ამიტომ პრემიერმა კომპრომისული ნაბიჯი გადადგა და ჩვენც ამ ნაბიჯს ვდგამთ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.