აქტუალური
„2016 წლის იანვარში ექსპორტი 22%–ით, იმპორტი კი 25%–ით შემცირდა“ – აფბა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. 22 თებერვალს „პირველის“ პრესკლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემები შეაფასა, რომელთა მიხედვითაც 2016 წლის იანვარში ექსპორტი - 22%-ით, ხოლო იმპორტი 25%-ით არის შემცირებული.

 „ექსპორტის კლებადი ტენდენციის მიუხედავად, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ევროკავშირის ქვეყნებთან  ექსპორტი 2015 წელს 3,45%-ით (22,341 მლნ) არის გაზრდილი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც მეტწილად დაკავშირებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოქმედებასთან, – აცხადებს ანალიტიკოსი.

 „გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგიონში არსებული ქვეყნების ეროვნული ვალუტები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, მაგალითად, 50%-ით გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი, თითქმის 66%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი და 20%-ზე მეტით თურქული ლირა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, ამან უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოდან ექსპორტის მოცულობაზე“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.