აქტუალური
ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს და ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს.

 „1 იანვრიდან საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ ტყიბულის მუნიციპალიტეტს მოუხსნა მაღალმთიანი ზონის სტატუსი, რამაც მეშახტეებისათვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამოიწვია და დასაქმებულთა შემოსავალი შეამცირა. აღნიშნულმა კიდევ უფრო დაამძიმა ტყიბულში არსებული კრიტიკული სოციალური ფონი და შექმნა პირობა გაფიცვისათვის; გაფიცვის ყოველი დღე კი უმძიმესად აისახება დასაქმებულთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხოლო საწარმოს მხრიდან სოციალური დიალოგის უგულებელყოფას კიდევ უფრო ჩიხში შეჰყავს პროცესი, ამცირებს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობებს, ზრდის გაფიცვის ხანგრძლივობას და უმძიმესი პირობების წინაშე ტოვებს დასაქმებულებს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

 ტყიბულელი მეშახტეები 13 თებერვალს გაიფიცნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 40%-მდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. ამ თხოვნით ჯერ დეკემბრის შუა რიცხვებში სიტყვიერად მიმართეს „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ადმინისტრაციას, ხოლო 8 იანვარს - წერილობითი განცხადებით. მეშახტეებმა „საქნახშირისგან“ პასუხი ვერ მიიღეს, ამიტომ 13 თებერვალს გაიფიცნენ და შახტაში ჩასვლაზე უარი განაცხადეს.