აქტუალური
ლეონიდ ჩერნოვეცკი: „ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობას ძარცვავენ. ამას ბოლო უნდა მოეღოს!“

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტიკური მოძრაობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოსახლეობის მძიმე ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს, სადაც, კერძოდ, წერს:

 „საქართველოს მოქალაქეებს უდიდესი პრობლემა აქვთ, მათ უმეტესობას აქვთ სესხები და დღითი დღე სულ უფრო და უფრო უჭირთ მათი დაფარვა. სამწუხაროდ, ათობით არასაბანკო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც გასცემს სწრაფ ონლაინ-სესხებს და სხვა სახის კრედიტებს წლიურ 300-700  და უფრო მეტ პროცენტად. გამოუცდელ ახალგაზრდებსა და უბრალო, გაჭირვებულ მოქალაქეებს კრედიტების მახეში აბამენ საქმეში ჩართულიბიზნესმენები.

 მიმაჩნია, რომ დადგა დრო, დასრულდეს ამ მძარცველი ბიზნესმენების ერა...  მზად ვარ, დავხარჯო იმდენი ფული, რამდენიც საჭირო იქნება  იმისათვის, რომ შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეზღუდავს სესხების გაცემას მსგავს უზარმაზარ პროცენტებში და სესხები დაექვემდებარება რეალურ საპროცენტო განაკვეთებს.

 ბატონო გიორგი, მოგმართავთ ინიციატივით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადავწყვიტოთ, რომ არცერთ საფინანსო ინსტიტუტს (ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაცია, ლომბარდი თუ სხვა) არ ჰქონდეს უფლება, გასცეს სესხი, რომლის წლიური პროცენტი 50%-ზე მეტი იქნება“.