აქტუალური
„როდესაც რფ-ის ელჩი სვამს კითხვას „სად არის, აბა, ოკუპაცია?“ - უნდა ელოდეს, რომ პასუხს გასცემენ“ – თინა ხიდაშელი

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს გენერალურ მდივან ლამბერტო ძანიერთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. თინათინ ხიდაშელმა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება.

 თავდაცვის მინისტრი ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის ელჩის გამოსვლასაც გამოეხმაურა.

 „არანაირი მოულოდნელობა არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის ელჩის გამოსვლა. როდესაც შენ ამბობ - „სად არის, აბა, ოკუპაცია?!“ და ამ კითხვას სრული სერიოზულობით სვამ, რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ერთი - პასუხს გაგცემენ და მეორე - აუცილებლად მარტო დარჩები დარბაზში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კონფლიქტების მოგვარება, ეს არ უზრუნველყოფს ავტომატურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს, არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავალი აქვს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.