უცხოეთი
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. NATO-ს ცნობით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მომდევნო ორ კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს სხდომა ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში ელჩების დონეზე გაიმართება და უკრაინის საკითხებთან ერთად სამხედრო მოქმედებების, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და რისკების შემცირების თემასაც განიხილავს. საბჭო ასევე შეეხება ტერორიზმისა და ავღანეთის თემატიკასაც.

ეს იქნება პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება, სადაც მიმდინარე საკითხების განხილვა “ჩვეულებრივი საქმიანობის” რეჟიმში არ დაბრუნდება მანამ, ვიდრე რუსეთი კვლავ არ დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, აცხადებს ნატო.

ნატო-რუსეთის საბჭოს ნატო-ს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს და იგი 2002 წლის 28 მაისს ნატო-რუსეთის სამიტის გადაწყვეტილების შედეგად ფუნქციონირებს.