რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობასთან დაკავშირებით

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. "ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, შემობრძანდა აწყურის ღვთისმშობლის ხატი. უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7–დღიანი მსვლელობა ხორციელდება ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინა ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.

წმ. ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს კურთხევით გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში", - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა. შეხვედრას 10-ზე მეტი 9-შვილიანი ოჯახი ესწრებოდა.