სამართალი
„თავისუფალი დემოკრატების“ საგანგებო განცხადება

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი.  „ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ პრინციპულად  ვგმობთ კორცხელში მომხდარ ძალადობას, რადგან ეს არის ადამიანების   უფლებების ხელყოფა; ეს ქმედებები დღეს ჩვენთვის ისევე მიუღებელია, როგორც წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ძალადობა.  ამასთანავე, ეს არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი ფიზიკური და მორალური ძალმომრეობა.

მომხდარი კატასტროფულად აზიანებს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულობას და, კერძოდ, საარჩევნო პროცესის ობიექტურად, სამართლიანად წარმართვის შესაძლებლობასა და პერსპექტივას. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედება უშუალოდ ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფლებას, რადგან უკიდურესად უარყოფითად ზემოქმედებს მის უფლებაზე, გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი.

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს,დაუყოვნებლად დაიწყონ გამოძიება, რათა გამოვლინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს მომხდარი დანაშაულის ყველა დამკვეთი, წამქეზებელი და უშუალო შემსრულებელი“.