რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ქართველები საფრთხეს არავისთვის წარმოადგენენ, საკუთარი თავის გარდა”

 საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ბოლო კვირის განმავლობაში რედაქციაში ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ, მკითხველთა მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს.

 - რატომ გამოვიდნენ საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემოღების წინააღმდეგ?

 - პირველი მიზეზი - “კონტროლის ქვეშიდან გამოსული მიგრაციული პროცესები”, რომელთა გამოც შეშფოთებული არიან ევროკავშირის ლიდერი ქვეყნები, რომლებმაც სირიიდან ლტოლვილთა უდიდესი ნაკადები მიიღეს. უარყოფითი როლი შეასრულა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ულტიმატუმმა: ის დაემუქრა საფრანგეთს, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს ტერაქტების სერია გადაიტანა, და გერმანიას, რომელმაც სომხების გენოციდი აღიარა, რომ თუ ისინი თურქეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს არ მისცემენ, “სალექარის სარქველს” გახსნის და სირიელი ლტოლვილები ევროპას წალეკავენ. და კიდევ, ის შეწყვეტს სირიელი ლტოლვილების უკან დაბრუნებას - ევროპიდან თურქეთში.

 საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს თურქეთსა და უკრაინასთან, რომელსაც, საქართველოსთან და თურქეთთან ერთად, უვიზო რეჟიმზე უარი უთხრეს. იმიტომ რომ ის, ისევე, როგორც თურქეთი, პერიოდულად ომობს, და ლტოლვილების - მიგრანტების ნაკადი იქიდანაც ძალიან დიდია. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ უკრაინა, თურქეთისგან განსხვავებით, თავის ტერიტორიაზე ომობს საკუთარ მოქალაქეებთან, რომლებიც ომს რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში გაურბიან.

 მეორე მიზეზი - გერმანიას და საფრანგეთს “საქართველოს მოქალაქეთა ტალღისა ეშინიათ, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში ყველა სხვა უცხოელზე მეტად არიან ჩართული”. ანუ, საქართველოს ევროკავშირში ფორმალურად მიუდგნენ, იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ემიგრირების სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა, უკვე დიდი ხანია, საქართველოდან გაემგზავრა - რუსეთში, ისრაელში, საბერძნეთში, თურქეთში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და აშშ-ში, მათ შორის, მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები და კანონიერი ქურდები. ამიტომ საქართველოდან არალეგალური მიგრანტებისა და დამნაშავეების ნაკადები ევროპას არ ემუქრება.

 მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირში დღემდე არა აქვთ რეალური წარმოდგენა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ამ წინააღმდეგობრივი ცნობების გამო, რომლებსაც ერთმანეთთან დაპირისპირებული აქაური პარტიები და პოლიტიკოსები აწვდიან, რომლებიც  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან.

 - მართალია, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი ტერორისტული საფრთხის გამო არ მისცა?

 - საქართველოში ტერორისტები სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყვნენ: ეს იყო ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ბანაკები პანკისის ხეობაში, რომლებიც  იარაღით და ფულით თურქეთის გავლით ევროპიდან მარაგდებოდნენ; და სააკაშვილის ძალოვანი სტრუქტურები (შსს, კუდ-ი, სოდ-ი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია). მაღალჩინოსანი ძალოვნები - ადეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, კოდუა, თოფურიძე, ლელუაშვილი, ლორთქიფანიძე, ხიზანიშვილი, გუნავა, შამათავა, დგებუაძე - და მათი ხელქვეითები, რომლებსაც საქართველოში “ზონდერები” შეარქვეს, გამუდმებით აწყობდნენ ტერაქტებს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

 დღეს ისინი ან უკრაინაში ომობენ, ან მშვენივრად მოეწყვნენ ევროპაში, ან იძებნებიან, ან ციხეში არიან, ან უკვე გათავისუფლდნენ გირაოს სანაცვლოდ. პანკისის ხეობაში საერთაშორისო ბანდფორმირებათა ბანაკები უკვე აღარ არის, ხოლო ყველას, ვინც იქიდან სირიაში წავიდა ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად, ახალი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები - სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შსს - მკაცრად ადევნებენ თვალს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ იჭერენ. ამიტომ ევროპისათვის ტერორისტული საფრთხე საქართველოდან ნაკლებ მოსალოდნელია.

 საქართველო ღირსი იყო, მიეღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აგრეთვე რუსეთთან და აშშ-სთან ჯერ კიდევ 2012 წლის 2 ოქტომბერს -  საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის მმართველ პარტია “ნაცმოძრაობაზე” ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” გამარჯვების მეორე დღესვე. ქართველები ხომ არავისთვის არიან სახიფათო, საკუთარი თავის გარდა - ქართველები სახიფათო არიან, მხოლოდ როცა ერთმანეთს ებრძვიან და ხმამაღალ ტერაქტებს უწყობენ, რომელთა უმეტესობა, როგორც წესი, გაუხსნელი რჩება.

 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯანელიძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადადებაში ადანაშაულებს “ანტიდასავლურ ძალებს, რომლებიც ევროპაში ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან”. ეს მართლაც ასეა?

 - საკუთარი მუშაობის ჩავარდნაში ვინმე ხომ უნდა დაადანაშაულო?! და ვინ ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას?!  “რუსეთი და ყველა, ვინც პრორუსულ პროპაგანდას ეწევა!” - აცხადებენ საქართველოში "ნაცმოძრაობის" ლიდერები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იმეორებს ცოლ-ქმარ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის თეზისებს, იმის ნაცვლად, რომ წინასწარ ემუშავა თავის ევროპელ კოლეგებთან და მათთვის საქმის რეალური ვითარება აეხსნა. რომ ყველა, ვისაც შეეძლო და უნდოდა საქართველოდან წასვლა, მათ შორის - ქართველი ბანდიტები, უკვე დიდი ხანია, ევროპაში იმყოფებიან და საქართველოში ტერორისტები აღარ არიან. მთავარი ქართველი ტერორისტი ოდესაშია, გუბერნატორის სავარძელში, ხოლო მისი ტერორისტები - ყოფილი მინისტრები - ევროპაში ემალებიან ქართულ მართლმსაჯულებას! და ნაქები ევროპული სასამართლოები უარს ამბობენ საქართველოს მთავარ პროკურატურას მათ ექსტრადირებაზე!

 რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მის ინტერესებს არ ემუქრება - რუსეთის ინტერესებს ემუქრება მხოლოდ "მეტი ნატო საქართველოში". რუსეთი თვითონაც დიდი ხნის წინ მიიღებდა უვიზო რეჟიმს შენგენის ზონის ქვეყნებთან, რომ არა სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, რომლის მიმართ ის გულგრილი არ დარჩებოდა. კირიმისა და დონბასის გამო დასავლეთმა რუსეთი ეკონომიკური სანქციებით დასაჯა და მასთან უვიზო რეჟიმის შემოღება გაურკვეველი დროით გადადო.

 - ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ემუქრება თუ არა საქართველოს მოსახლეობის გადინება?

 - საქართველოს მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციის გარეშეც განახევრდა - პრეზიდენტების შევარდნაძისა და სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების წყალობით! მით უმეტეს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იძლევა უცხოეთში მუშაობის უფლებას, ის მხოლოდ ნებისმიერი 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შენგენის ზონის ტერიტორიაზე (ეს არის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანა, არაწევრი 4 ქვეყანას და შენგენში შესვლის კანდიდატი 4 ქვეყანა) ყოფნის უფლებას იძლევა.

 ასე რომ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება თავმოყვარე ქართველებისთვის - "ჭეშმარიტი ევროპელებისთვის" უფრო მორალური დაკმაყოფილების ფაქტორია, ვიდრე ეკონომიკურის. მეტსაც გეტყვით -  ქართველი ტურისტები საქართველოდან ვალუტას გაიტანენ, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში დახარჯავენ და მათ გაამდიდრებენ. საქართველოში კი ამან, შესაძლოა, ინფლაცია გამოიწვიოს.

 - გასულ კვირას სარიუშ-ვოლსკი პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად მსჯელობდა "საქართველოში დემოკრატიის დეფიციტზე" და განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას არ აძლევენ არა დემოკრატიის დეფიციტის გამო, მაგრამ "რაც უფრო სწრაფად აღმოფხვრის საქართველო დემოკრატიის დეფიციტს, მით მალე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას". რას გულისხმობდა ევროპარლამენტის წევრი დემოკრატიის დეფიციტის ქვეშ - ტელეკომპანია"რუსთავი-2"-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს, თუ ლგბტ -ს უფლებების დარღვევას, რომლებსაც 17 მაისს რუსთაველის პროსპექტზე გეი-აღლუმის ჩატარება აუკრძალეს?

 - ბუნდესტაგის დეპუტატმა ჰანს-პეტერ ულმა განაცხადა, რომ ამჟამად "არც ვიზების გაუქმებაზე, არც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი არ არის“, რადგან საქართველოს მიღება ნატოში "გაამწვავებდა კონფლიქტს რუსეთთან". აი, ამიტომ МАР-ს (ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა) ა.წ. 8-9 ივლისს ნატოს ვარშავის სამიტზეც კი არ მოგვცემენ. მაგრამ საქართველოს მისცეს VLAP (ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა), რომელიც მან კეთილსინდისიერად შეასრულა.

 საქართველო, თურქეთი და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ ერთად მიიღებენ (იმიტომ, რომ მათ შორის - მობალაქეების თავისუფალი მიმოსვლაა, ეს ერთი უვიზო ზონაა), როგორც კი შემუშავებული იქნება ე.წ. "შემაკავებელი მექანიზმი" (რათა ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანას შეეძლოს, ინდივიდუალურად შეაჩეროს გაადვილებული სავიზო რეჟიმი ზემოთ ჩამოთვლილ სამ ქვეყანასთან, თუკი მიგრაციის საშიშროებას იგრძნობს).

 ასე რომ, სააკაშვილის მეგობარი სირიუში ბლეფობს - კერძო დავას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ფლობასთან დაკავშირებით, "ლგბტ-ს უფლებების დარღვევას", "პოლიტპატიმრებს" და "ნაცმოძრაობის" სხვა ინსინუაციებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც “არაფორმალურად რუსეთუმე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს”, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხთან საერთო არაფერი აქვთ.

 - რომელი პარტია გაიმარჯვებს საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?

 - 8 ოქტომბერს  პარტია, რომელიც 2011 წელს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" -  ხმების დაახლოებით 50%-ს მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კიდევ 26 პარტია, მაგრამ ისინი "ქართული ოცნების" მეტოქეები არ არიან, თუმცა ხმების გარკვეულ რაოდენობას წაიღებენ და შესაძლოა, მეორე ტურის პროვოცირება მოახდინონ.

 არჩევნებამდე კიდევ 4 თვეა. ამ დროის განმავლობაში კი ბევრი სიურპრიზი მოხდება. მაგალითად, ეკრანზე გამოვა ქართველი რეჟისორის გოგა ხაინდრავას დოკუმენტური სერიალი (+16) სააკაშისტური რეჟიმის საშინელებების შესახებ, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, მეტი უპირატესობითაც გაიმარჯვოს.

 - ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, შეგიძლიათ, რამდენიმე ღირსეული კანდიდატი ჩამოთვალოთ?

 - დავასახელებ ერთ, ყველაზე უფრო მოსალოდნელ და დღეისათვის ყველაზე ღირსეულ კანდიდატურას - 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს საქართველოს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. შესაბამისად, ის იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. არჩევნები დღეს რომ ყოფილიყო, ის ადვილად გაიმარჯვებდა, იმდენად პოპულარულია ხალხში.

 - ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე აშშ-ში - კლინტონი თუ ტრამპი?

 - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ - ა.წ. 8 ნოემბერს ჩატარდება, გამარჯვება ჰილარი კლინტონს დარჩება. ტრამპი ლიდერობდა, როცა პუტინის ფიგურის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების დაპირებას იძლეოდა. მაგრამ როგორც კი ტრამპმა განაცხადა, რომ მისი, ანუ ტრამპის მისამართით პუტინის ურთიერთმაამებელი გამოხმაურებები პუტინს "ვერ უშველის", ანუ გადაწყვიტა, ჰილარის ელექტორატის ფეხის ხმას აჰყოლოდა, მაშინვე ჩამორჩა. კლინტონისათვის ელექტორატის ნაწილის წართმევა ტრამპმა მაინც ვერ შეძლო, საკუთარ ელექტორატს კი იმედი გაუცრუა და შემოეფანტა...

 - დაუსჯელად დარჩენილი მკვლელობა ხურჩაში, ახალი ბანერები ავლევში, ქართველი მოქალაქეების მუდმივი დაპატიმრებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ... როდის დამთავრდება ეს?!

 - ეს მაშინ დამთავრდება, როცა მეზობლები - საქართველო და რუსეთი - ურთიერთობას დაიწყებენ. როცა ხელმძღვანელები ყურმილს აიღებენ და ერთმანეთს დაურეკავენ, როგორც, მაგალითად, პუტინი და ობამა ურეკავენ ერთმანეთს,  პრეზიდენტ მარგველაშვილის გაბერილი ლოყებივით კი არ გაიბერებიან!

 ეს მაშინ დამთავრდება, როცა საქართველოს პირდაპირი და მუდმივი ურთიერთობა ექნება სოხუმთან და ცხინვალთან, და არა დროგამოშვებით, ჟენევაში ან პრაღაში, "აბაშიძე-კარასინის" ფორმატში, ანდა ევროპელების მეურვეობის ქვეშ ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის ფარგლებში.

 ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს ისეთი არაქმედუნარიანი პრეზიდენტი ეყოლება, როგორიც მარგველაშვილია, რომელსაც შეეშინდა, რომ მთელი პრეზიდენტობის მანძილზე ერთხელ მაინც დაერეკა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სოხუმში და ცხინვალშიც, რომელთა დანახვა თბილისიდანაც კი შეუძლია, თუ სააკაშვილის ავლაბრის სასახლის მინის გუმბათში ავა!

 ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ისეთი უსაქმური სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, როგორიც არის რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ავლაბრის სასახლეში უსინდისოდ მოკალათებულ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ასობით მილიონი დაუჯდა!

 სანამ ასეთი ბატონები საქართველოს ხელისუფლებაში იქნებიან, ქართველების ურთიერთობა რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან ისეთივე აბდაუბდა და მოუქნელი იქნება, როგორიცაა "ინციდენტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატი" და "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი".