პუბლიკაციები
გერმანულენოვანი გამოცემა „ბერლინის გაზეთი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი.
პუბლიკაციის ავტორი ულრიკე რუპელი თინათინ ხიდაშელთან საუბრის დროს საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარებით, რუსეთის პოლიტიკის თავისებურებითა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემებით ინტერესდება.

 გამოცემა: B.Z - ბერლინის გაზეთი

 სტატია: საქართველოს ძლიერი და ერთიანი ნატოს იმედი აქვს 
 რუბრიკა: მსოფლიო

 თემები: საქართველო, რუსეთი

 სტატიის ავტორი: ულრიკე რუპელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ძლიერ ნატოს შეუძლია, რუსეთს ადგილი მიუჩინოს.

როდესაც ზიგმარ გაბრიელი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ცივ ომსა“ და „ჩვენი დროის უსაფრთხოებაზე“ საუბრობენ, ისინი ხშირად ნატოს როლს გულისხმობენ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსები აკრიტიკებენ იმას, რომ რუსეთთან დიალოგი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესების გამო ფერხდება.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კი მსგავსი მიდგომის წინააღმდეგია: „ჩვენი მოქმედებები არის ზომიერი, პასუხისმგებლობით სავსე და გამჭვირვალე“, - განუცხადა მან „სამხრეთ გერმანიის გაზეთს“. კონფრონტაცია არ სურთ, მაგრამ საჭიროა რეაგირება, რადგან რუსეთმა 2000 წლიდან მოყოლებული სამხედრო ხარჯები გაასამმაგა და ევროპაში საზღვრები სამხედრო ძალით შეიცვალა.

მჭიდრო და მყარი ურთიერთობა რუსეთთან? - ამის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაგვაფრთხილოს. მეზობელი რუსეთის სამხედრო შენაერთები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არიან განლაგებულები. 2008 წლის ომის დროს მათ ქვეყნის შუაგულისკენ წაიწიეს. თინათინ ხიდაშელი საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთს ადარებს და ამ ქვეყნებში რუსეთის საქციელზე საუბრისას მიანიშნებს, რომ ნატომ უნდა აჩვენოს ძალა და ინტერესი მშვიდობის მიმართ.

ხედავთ პარალელებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან?
მსგავსება აშკარაა. ორივე ქვეყანაში ოკუპირებულია ტერიტორიები. ორივე ქვეყანა აგრესორის პირისპირ დგას. ასეთი მდგომარეობა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, ცხადყოფს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია არ არსებობს. საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ მე საზოგადოება გავაფრთხილე, რომ ყირიმი შეიძლება მომდევნო მსხვერპლი ყოფილიყო, მაშინ ეს თითქოს გაუგებარი იყო. ჩვენ ბოლოს და ბოლოს ნათლად უნდა მივანიშნოთ, თუ რა მოაქვს ამ ყველაფერს. რუსეთი ემუქრება უკრაინასა და საქართველოს და ახორციელებს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას.

როგორ შეგვიძლია ჩვენ საქართველოში ვითარება წარმოვიდგინოთ?

როდესაც კარგი ამინდია, იმ რუსული დროშების დანახვაც შესაძლებელია, რომელიც ქართულ მიწაზე ფრიალებს. ყოველდღიურად გვახსენებს თავს ოკუპაცია. 19 მაისს ე.წ. სასაზღვრო პუნქტთან, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. ახლახან საქართველოს მოქალაქე კვლავ დააკავეს და „სამხრეთ ოსეთში“ გადაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. რუსეთს მოაქვს ტრაგედიები, სისხლი, სიკვდილი. მაგრამ, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ორად გაყოფილი გერმანიის დროს გერმანიის დასავლეთ ნაწილის მსგავსად ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ კედელი დაინგრევა. ისტორიას თავისი შედეგები და კანონები მოაქვს. ოკუპაცია მარადიული არ არის, თვით დიდი იმპერიები იშლება.

რამდენად სათანადოდ აფასებს რუსეთს დასავლეთი?
შეიძლება ჩემი, როგორც იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ანალიზი, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, სხვაგვარად ჟღერდეს, მაგრამ ამან არ უნდა გაგაკვირვოთ. ყირიმის აგრესიის შემდეგ, თითქოს მთელ მსოფლიოს მეტი მოეთხოვება. ევროპა და მსოფლიო უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენი აქ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც ახალ, საერთაშორისო საზღვრებს გვკარნახობს, ახალ ნორმებს ადგენს და კითხვის ქვეშ აყენებს ყველაფერს, რაზეც ცივილიზებული სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმდა. მსოფლიო კრემლიდან წამოსულ ბრძანებებს მიჰყვება და მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ სიტუაცია უფრო გამძაფრდა. ჩვენ გვჭირდება ნათელი გეგმა, რომელსაც მსგავსი გამოწვევების წინაშე ერთხელ და სამუდამოდ სათანადოდ მომზადებული პასუხები ექნება. 

საქართველო მონაწილეობს ნატოს ეგიდით მიმდინარე წვრთნებსა და სამხედრო ოპერაციებში, ქვეყანა ნატოს წევრობისკენ მიისწრაფვის. რამდენად რეალურია ეს?
საქართველო საბოლოოდ ნატოს წევრი გახდება და დემოკრატიული ქვეყნების ოჯახს შეუერთდება. ჩვენი ქვეყანა ფლობს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რაც ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს. ჩვენთვის წევრობის სამოქმედო გეგმა აუცილებელი არც არის. 19 მაისს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერობლივი ცენტრი ამოქმედდა, ცენტრში ქართველ და ნატოელ ჯარისკაცებს ამზადებენ. ასეთი რამ არ ხდება ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომელიც ახლა ნატოს წევრი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტზე, საქართველოს არჩევანი და ძალისხმევა, თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, დადებითად შეფასდება.

რუსეთს რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე?

რუსეთისთვის უკვე პროვოკაციაა ის ფაქტი, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და რუსეთის გავლენისა და კონტროლის ქვეშ არ იმყოფება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და არასტაბილურობას ქმნის, სადაც ეს შეუძლია. რუსეთი გავლენის მოპოვებასა და მეზობლების განვითარებისთვის ხელის შეშლას ცდილობს. აკვირდება დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობას, მასთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ მტრულ დამოკიდებულებად აღიქვამს და მიუღებელი მეთოდებით მოქმედებს.

და დასავლეთისგან რას მოელით?

ნატოს სამიტი, რომელიც ივლისში ჩატარდება, ერთიანობის დემონსტრირების შანსს აძლევს. ეს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად უნდა დადგეს. ნათელი უნდა მოეფინოს იმ ფაქტსაც, რომ რუსეთის სახით დიდი ძალა არსებობს. თუ ნატო ამას ორაზროვნების გარეშე გააკეთებს, ეს მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება. ასეთი მიდგომა ხელს შეუშლის მეზობელ ქვეყნებზე რუსეთის შემდგომ აგრესიას. დროა, გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ვარშავის სამიტმა რუსეთს უნდა გააგებინოს, რომ ნატო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. ალიანსმა უნდა აჩვენოს, რომ თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის იდეა ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვისაც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია და რომ ახალი რკინის ფარდა აღარ იარსებებს.