საზოგადოება
ახალი წელი ჩალით დახურულ ქალაქში

qutaisiiსაახალწლო ზეიმით ქუთაისში ხელისუფლებაც გაწბილებული დარჩა. მაგრამ, ხალხისგან განსხვავებით, მათი გაწბილების მიზეზი უამინდობა იყო. ისევე როგორც ბათუმში წყალში ტყაპუნი მოუხდათ ხელისუფალთა საამებელი კონცერტის მონაწილეებს. ამ სიტუაციამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა ისედაც იუმორზე შეყვარებული ქუთათურები და გაჩნდა მოწოდებაც: ''არ ინერვიულოთ, ხალხო, ძველით ახალ წელს ცელოფნის სეფა არ გვექნება, გაითვალისწინეს, კაი ბრეზენტი ჩადეს ბიუჯეტში და მთლიანად გადახურავენ, ისედაც ჩალით დახურულ ამ ქალაქსო''.

ისე კი ამბობენ, ისეთ ხუმრობას რა ვუთხრა, ნახევარი სიმართლე თუ არ ურევიაო; მაგრამ ხუმრობა მაინც ხუმრობაა და მაინც და მაინც ნუ გეწყინებათ, ხალხზე ზრუნვაზე გადაგებულნო ხელისუფალნო, იმერლების კიდევ ერთი ''ფრთიანი გამონათქვამი'': ''ბათუმში ბოჩელი მღერის და ქუთაისში ბოჩოლებიო...''

მეორეც, იმიტომ ნუ გეწყინებათ, რომ თვითონ ორგანიზატორებმა აიგდეს თავი სასაცილოდ, მთელი ქალაქი დასცინოდა სცენას. მართალია, ჩვენმა ხელისუფლებამ შესანიშნავად აუღო ალღო ფასადების გალამაზებას და ამით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას, მაგრამ ამ ''თვალისმომჭრელი' 'სილამაზით მხოლოდ უცხოთა მოტყუება თუ შეიძლება, თორემ რას გამოაპარებ იმ ძირძველ ქალაქელებს, რომლებმაც ზეპირად იციან, რიონის პირას რომელი კენჭი სად გდია.

ამიტომ არ ''უფასებენ'' ამაგს ხელისუფალთ - იმ ქუჩებზეც დადიან, სადაც ასფალტი არ აგია, იმ ლამაზფასადიანი სახლების დანგრეულ სადარბაზოებშიც იხედებიან... ერთი სიტყვით, სადაც არ ეკითხებათ, ცხვირს ყოფენ. ამ საახალწლოდ კი ქალაქის განათებას მოუძებნეს წუნი - მხოლოდ გზის ცალ მხარეს არის და ისიც ძლივს ანათებს ქუჩას: ზოგი ნათურა არც ანთია ან, თუ ანთია, ბჟუტავსო.
''ქუთაისის ხელისუფლებაში ვინც არიან, თვალში ვერ იხედებიან? თუ განათებული მერიის და მოედნის გარდა არსად დადიან? თუ მათი მანქანების მინები ისევ დაბურულია და ვერ ამჩნევენ? ცოტა უნდა მივაწვეთ და უნდა ვიყვიროთ, რომ რამე გააკეთონ....'' - ეს ფრაზა ინფოქუთაისის ფორუმიდან ამოვიწერე. იმედია, ამ ხელისუფლებას ამ ახალ წელს ქუთაისთან ერთად მთელი საქართველო ''მიაწვება'' და ბოლოს და ბოლოს თავიდან მოიშორებს.