აქტუალური
სენაკში ახალი ქარხანა აშენდება

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ–ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო – ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 „ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ამ პროექტში. აქ რამდენიმე ასეული ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ბიუჯეტისთვის იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს შემოსავლები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 მიმდინარე წლის აპრილში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნესმენეჯმენტის კომპანია “ჰუალინგ ჯგუფსა” და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და „შპს შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.

 მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი.