რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქს 78 წელი შეუსრულდა

patriarqiXXდღეს, 4 იანვარს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 78 წლის გახდა.

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან, იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან; დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ ვლადიკავკაზში სახლი შეიძინეს, სადაც შემდეგ საქართველოს მომავალი პატრიარქი დაიბადა. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ქართულ ტაძარში მონათლეს და ყრმას ერეკლე II-ს პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის № 22 საშუალო სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი - მღვდელ-მონაზვნად.

მღვდელ-მონაზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ საქართველოში იმჟამად სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

ერთგული მოღვაწეობისთვის იგი 1961 წელს იღუმენი, შემდეგ კი არქიმანდრიტი გახდა. 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ეფრემ II-ს მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1969 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინათ).

1978-1983 წლებში კათალიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების; პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი ჯილდოებით. ნიუ იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმინდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად, 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში - სასულიერო სემინარიები; ხულოში - სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია; გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში; საუკუნეთა შემდეგ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვისა და მისის და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე - საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვ.

ამ წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რაოდენობა 15-იდან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა - 53-მდე, სასულიერო პირთა - 1000-მდე; მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი.