უცხოეთი
ნიცაში საზარელი ტერაქტი მოხდა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ნიცაში, ბასტილიის დღის აღნიშვნისას, გვიან ღამით ტერაქტი მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო.

84 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. კრიტიკულია დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა, რომელთა შორის არიან, ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საელჩოში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედებს ცხელი ხაზი – 33783318689.

პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.

პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები, სამართალდამცავები მოუწოდებენ მოქალაქეებს არ აყვნენ პანიკას და არ დატოვონ შენობები.