უცხოეთი
კერი თურქეთში გადატრიალების მცდელობასთან აშშ–ის კავშირს უარყოფს

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან ვაშინგტონის კავშირს უარყოფს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ამის შესახებ ჯონ კერიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

 ჯონ კერის თქმით, ანკარას საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით ნატო-ს ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობებს აზარალებს. სახელმწიფო მდივანმა ვაშინტონის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.

 "სახელმწიფო მდივანმა კერიმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების ჩატარებაში, თუმცა ჩაშლილ სახელმწიფო გადატრიალებაში აშშ-ის ნებისმიერი როლის შესახებ საჯარო ინსინუაციები და ბრალდებები აბსოლუტური სიცრუეა და საზიანოა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, - ნათქვამია  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 ჩავუშოღლუსთან საუბრისას ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.