უცხოეთი
ერევანში მასობრივი შეტაკებებისას 45 ადამიანი დაიჭრა

  საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი.  ერევანში პოლიციასა და დემონსტანტებს შორის შეტაკებისას 45 ადამიანი დაშავდა. არეულობა იმ პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, სადაც შეიარაღებულ პირებს უკვე რამდენიმე დღეა მძევლები ჰყავთ აყვანილი.

შეტაკების დროს დაშავებულთა შორის 25 სამართალდამცველია, მათგან 18 ჰოსპიტალიზებულია.

საპროტესტო აქციაში თავდამსხმელების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დააკავეს ათობით ადამიანი.

თავდასხმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაზე 17 ივლისს განხორციელდა. შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ოთხი კი დაშავდა. თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს, რომელთაგან ხუთი მომდევნო დღეებში გაუშვეს. ამჟამად მძევლად კიდევ  რამდენიმე ადამიანი რჩება, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები.

შეიარაღებული პირების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას იარაღის უკანონო შანახვისთვის დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება წარმოადგენს. ამას გარდა, თავდამსხმელები პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ.