სამართალი
„ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა“ - გიორგი მარგველაშვილი

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა 25ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე გასაკვირი არ აღმოჩნდა, რადგან ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრის სახლი ყოველგვარი სასამართლო დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს. ოჯახის წევრის ვინაობა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო, გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის. მე კარგა ხანია ვსაუბრობ იმის თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული.

კორცხელის შემთხვევა მისცემს გარკვეულ ტენდენციებს ბიძგებს და ეს სინდრომი, განსაკუთრებით არჩევნების პროცესში, იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ჩვენ უნდა ძალიან ნათელი პასუხი გავცეთ, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ, აგრეთვე, ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე რაღაცა კავშირების ჩამოყალიბების“, - განაცხადა მარგველაშვილმა.