საზოგადოება
„პაციენტების 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა“ – დავით სერგეენკო

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 “5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო სამი თვეა, ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი სიმძიმის, რაიმე რისკ ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში მანამდე შესაძლებელი იყო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3000 პაციენტზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასამდე ადამიანისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ინფიცირებულია ამ დაავადებით საქართველოში”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა.