რელიგია
დღეს - ქრისტეშობაა!

patriarqi7მართლმადიდებელი სამყარო დღეს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. საშობაო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, ასევე - ამ რეგიონებიდან დევნილებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა: "მინდა გითხრათ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ისტორიულად იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის, დღეს დარღვეულია და მე იმედი მაქვს, რომ აღდგება სიყვარული, აღდგება ურთიერთგაგება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით! იმედი მაქვს, რომ ლტოლვილები დაბრუნდებიან თავის სახლებში. ჩვენ ღვთის მადლით მალე შევხვდებით და აღდგება ის ურთიერთსიყვარული, რომელიც არსებობდა ჩვენს შორის!", – აღნიშნა პატრიარქმა. პატრიარქმა მათ შეახსენა, რომ ის ვლადიკავკაზშია გაზრდილი და მისი ოჯახის მოძღვარი ოსი იყო."თქვენი და ჩვენი გადარჩენა ამ გლობალიზაციის პროცესში - მხოლოდ ჩვენს ერთობაშია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა ინებოს, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ თავის ოჯახებში და ჩვენს შორის სუფევდეს მშვიდობა და კეთილდღეობა!", - ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ ჩვენი გულები სიყვარულით უნდა ავავსოთ და არა - სიძულვილით.

14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყება. რესპუბლიკის მოედნიდან ალილოს მონაწილეები თავისუფლების მოედნის გავლით საპატრიარქოს შენობასთან გადაინაცვლებენ. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეეგებებათ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს.

პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს, რის შემდეგაც ისინი ბარათაშვილის სახელობის ხიდის გავლით სამების ტაძრისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით გაემართება, სადაც მათ მიხეილ სააკაშვილი დახვდება და ტკბილეულს გადასცემს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.

ალილოს მონაწილეთა მიერ შეგროვებული ტკბილეული 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება, რასაც მერიის მიერ გამოყოფილი 13 ავტობუსი განახორციელებს.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე მერიის ორგანიზებითვე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეიდანზე კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნიაზ დიასამიძე და 16 გუნდი მიიღებს.