უცხოეთი
ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმისას 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი სტუდენტი

  საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის შვიდი სტუდენტია. მოკლულია ასევე ორი თავდამსხმელი. ამჟამად უნივერსიტეტი გათავისუფლებულია.

უნივერსიტეტზე თავდასხმა 24 აგვისტოს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე განხორციელდა. თავდაპირველად შენობასთან აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც შენობის შიგნით სროლა დაიწყო. სტუდენტები და პედაგოგები აუდიტორიებში აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

უნივერსიტეტის შენობის  გათავისუფლების ოპერაცია 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც სასწავლო დაწესებულებიდან 750 სტუდენტი და თანამშრომელი გაიყვანეს. დაშავებულია 35 სტუდენტი და ცხრა პოლიციელი. გარდაცვლილთა შორის ასევე შენობის დაცვის სამი თანამშრომელი და სამი სამართალდამცველია.

ავღანეთის დედაქალაქში ამერიკული უნივერსიტეტის მახლობლად ასევე გენერალური პროკურატურისა და პარლამენტის შენობები მდებარეობს.

ავღანეთში ამერიკული უნივერსიტეტი 2006 წლიდან მოქმედებს. სასწავლებელში ათასზე მეტი სტუდენტი სწვალობს.