პუბლიკაციები
„თამაზ დუმბაძეს ქართველი საზოგადოების გამთლიანება შეეძლო...“ - არნო ხიდირბეგიშვილი

 2016 წლის 27 აგვისტოს ქართულ მიწას მიაბარეს კიდევ ერთი დიდი რაინდი, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა. ეს არც პანეგირიკია და არც ნეკროლოგი - ჩემი დიდი ქალაქელი მეგობრისთვის ყველაზე მიუღებელი მსგავსი მეტიჩრობა იყო და ეს იცის ყველამ, ვინც თამაზ დუმბაძეს ახლოს იცნობდა.

 ვაი, რომ დღეს არამარტო ქართველმა ახალგაზრდობამ, არამედ ქართველმა ჯარისკაცებმაც არ იციან, თუ ვინ იყო გენერალი დუმბაძე! 

 ქართული არმიის ერთ-ერთი შემქმნელი თამაზ დუმბაძე არამარტო სამხედრო გენერალი, არამედ ცხოვრებაშიც გენერალი იყო. მან არაერთხელ გადაარჩინა სამშობლო, როცა ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა, მაგრამ ამას კაცურად, პიარ-რეკლამის გარეშე აკეთებდა, სამაჩაბლო იქნებოდა ეს, აფხაზეთი, თბილისი თუ მაღალი კაბინეტები, სადაც ხანდახან არანაკლები გმირობაა საჭირო...

 დიპლომატიური ნიჭით და უხუცესთა სიბრძნით დაჯილდოებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თამაზ დუმბაძე ხშირად იღებდა თავის თავზე მედიატორის - შუამავლის ან შემრიგებლის როლს ჩიხურ პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ თუ სამსახურებრივ სიტუაციებში, და ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. 

 უაღრესად კეთილი და ჭეშმარიტად მორწმუნე ქართველი, ის არასოდეს აძლევდა თავს ადამიანების განსჯისა და მათთან ხმის აწევით ლაპარაკის უფლებასაც კი. ღირსეულად განვლილ ცხოვრების რთულ გზაზე მიღებული მდიდარი გამოცდილების წყალობით, ბატონ თამაზს არასოდეს ავიწყდებოდა,  რომ ნებისმიერი ადამიანი ცოდვილია, რადგან ღმერთი არ არის, და ამიტომ თითოეულისგან ზუსტად იმდენი უნდა მოითხოვო, რისი გაღებაც შეუძლია.

 გენერალი დუმბაძე ყოველთვის ცდილობდა, გზააბნეულის თუ მოწინააღმდეგის სულში ჩაეხედა, გაეგო მისი თუნდაც მცდარი ზრახვები და ლოგიკა, გულთან ახლოს მიეტანა მისი ტკივილი და მერე მისი თვალებით შეეხედა არსებული კონფლიქტისთვის. თამაზ დუმბაძის მიერ პროფესიულად ჩატარებული საუბრის შემდეგ კონფლიქტი, როგორც წესი, ან კონსენსუსით და ურთიერთდათმობით მთავრდებოდა, ანდა ოსტატურად შერცხვენილი მტერი ბრძოლის ველს თავჩაღუნული ტოვებდა...

 გენერალი დუმბაძე ქართული მენტალიტეტის და თბილისის კოლორიტის ნაწილიც და დამცველიც იყო. მეტიც — ის იყო ერთ-ერთი სვეტი, რომელსაც ეყრდნობოდა ქართველი საზოგადოება. განა ბევრი დაგვრჩა მის ნაირი დასაყრდენი?! ჩემი ღრმა რწმენით, თამაზ დუმბაძე იყო უკანასკნელი, ვისაც დღეს უკიდურესად გახლეჩილი და დაპირისპირებული ქართველი საზოგადოების გამთლიანება და შერიგება შეეძლო!

 არსად გამიმხელია და არც არასდროს გავთქვამ იმ საიდუმლოებს, რომელიც დუმბაძის, შევარდნაძის და ჩემ გარდა, ბავრმა ნამდვილად არ იცოდა... არ მინდა, ვინმეს მწარედ ვატკინო ამ წარსული ამბებით. გადაწყვეტილი მაქვს, ამიერიდან ჩემი დიდი მეგობრის მსგავსად მოვიქცე, რომლის გასვენებაში გაზდელიანის ეკლესიასთან პაპანაქება სიცხეში უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანები 3 საათის განმავლობაში ერთად იდგნენ. და ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი იქ იდგა და არა ციხის საკნის სიგრილეში იჯდა, ალბათ, თამაზ დუმბაძის დამსახურებაც არის...

 მაგრამ როგორ გავაგებინო მომავალ თაობებს - მათ, ვინც ეროვნული გვარდიის პირველ აღლუმს არ ესწრებოდა, ის პატრიოტული სულისკვეთება, რომლითაც ქართული ჯარი იქმნებოდა?! როგორ დავარწმუნო, რომ 2004 წლამდე ქართულ არმიას ჰყავდა სარდლები და მინისტრები, რომლებითაც უნდა იამაყონ?! ყარყარაშვილი და ჭუმბურიძე, თევზაძე და ნიკოლაიშვილი - გასულ შაბათს ისინი ეკლესიაში თავისი დიდი მეგობრის - გენერალი დუმბაძისთვის პატივის მისაგებად მოვიდნენ. გვესიამოვნა პრემიერ კვირიკაშვილის მოსვლაც ზედმეტი პომპეზურობის გარეშე და გია ყარყარაშვილის მიმართ მისი განსაკუთრებულად თბილი ყურადღება. იყვნენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიც და სააკაშვილის დროინდელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც...

 აი, ქართველო ყმაწვილებო, რა კაცი დავკარგეთ, გარდაცვალების შემდეგაც რომ აერთიანებს ადამიანებს!

 დაბოლოს. თამაზ დუმბაძის გარდაცვალებამ პირადად მე დიდი ძალა წამართვა. მსგავსი შეგრძნება მხოლოდ ჭაბუა ამირეჯიბის გასვენებაში მქონდა, როცა სამებიდან ობოლი ბავშვივით გამოვედი...

 ის ბუმბერაზი ქართველი ძმას მეძახდა და ჩემი ერთგული თანამებრძოლი იყო - არ არსებობდა თემა და პიროვნება, რომელზეც ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა! მთელ ჩემს ოჯახს თავისი წასვლით მან დიდი ტკივილი მიაყენა და ჩვენს სახლში, სადაც არაერთხელ უსტუმრია, სევდა შემოიტანა. მისი სახით საქართველომ მართალი ადამიანის ეტალონი დაკარგა და ეს სიცარიელე ვერასდროს შეივსება...

 მორჩა! აღარ არის თამაზ დუმბაძე, რომელსაც გულწრფელად უხაროდა ჩემთან შეხვედრა, ჩემი ყველა წერილი და  რომელიც ყველგან მოვიდოდა ჩემს გვერდში დასადგომად! და რომელიც ხანდახან თავისი განუმეორებელი ღიმილით მირჩევდა - „კარგი, საკმარისია, საკმარისზე მეტიც, რაც მათ უქენი!“.