აქტუალური
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნას მიესალმება

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ბელარუსის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა, რომელიც ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში (ვიდეო იხ. აქ). საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს დიპლომატს  საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა  და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან კმაყოფილება გამოთქვა ბელარუსის მხარის  გადაწყვეტილების გამო საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის პირველი ელჩის რანგში ბატონი მიატლიკოვი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.

 თავის მხრივ, მიხაილ მიატლიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბელარუსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2016 წლის სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას  და თბილისში ბელარუსის ეროვნული გამოფენის ორგანიზებას. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რეგიონულ საკითხებზე.