საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ავთანდილ ჩიხლაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. მემორანდუმის მიზანია ამპუტირებული ვეტერანებისთვის სპორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აქტიურად თანამშრომლობს „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასთან“.  სსიპ “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა” და “OttoBock”-ის მემორანდუმის საფუძველზე ასოციაციის რამდენიმე მოთამაშე ვეტერანს უკვე დაუმზადდა ძვირად ღირებული პროთეზი, ასევე ვეტერანების სამსახური შუამდგომლობას ეწევა ასოციაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.

 „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია“ 2016 წელს შეიქმნა და 6 გუნდს აერთიანებს. თბილისში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრები ვეტერანები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს, აქტიურად არიან დაკავებული ფეხბურთით.

  „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაცია“ არა მხოლოდ ავღანეთისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებს აერთიანებს, ასოციაციის გუნდებში ასევე  აქტიურად არიან ჩართული მოზარდები და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. უახლოეს მომავალში ასოციაცია კიდევ ორი ახალი გუნდის შექმნას გეგმავს.