სამართალი
სამტრედიელ პოლიციელს, რომელიც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილში ახსენა, ბრალი წაუყენეს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. მთავარმა პროკურატურამ  გაავრცელა განცხადება, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 “დადგინდა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას. 

 თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, გ.თევზაძე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დ. სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება.

 ვინაიდან გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით”.