უცხოეთი
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა მამაკაცი, რომელიც ბარაკ ობამაზე თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი

  საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასაჩუსეტსის მცხოვრები ჯოზეფ გარგიულო დააკავა. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 40 წლის გარგიულო საკუთარ სახლში ცივ იარაღას აგროვებდა და ასაფეთქებელ მოწყობილობას აწყობდა. ის ყიდულობდა დეტალებს ავტომატური იარაღის შესაქმნელად და აცხადებდა, რომ პრეზიდენტის მოკვლა სურს.

როგორც ტელეკომპანია Fox News-ი  გამოძიების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით იუწყება, გარგიულო ბარაკ ობამაზე თავდასხმას კუნძულ მარტას-ვინიარდზე გოლფის მოედანზე გეგმავდა. გამომძიებლები ვარაუდბენ, რომ დაკავებული გეგმის განხორციელებას აგვისტოს შუა რიცხვებში აპირებდა.

ამას გარდა, მამაკაცის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილია მუსლიმების მიმართ მუქარის შემცველი ხელნაწერები.

გარგიულო წარსულში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა. მას იარაღის ქონა სასამართლოს მიერ ჰქონდა აკრძალული.