აქტუალური
აშშ–ის ელჩმა ორი ქართული ბატალიონი გააცილა ავღანეთში

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები მიემგზავრებიან.

 ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.

 „თქვენ გააგრძელებთ ათასობით ქართველის ტრადიციას, ვინც ბოლომდე ემსახურა თავისი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების მიზნებს. დღეს, როდესაც თქვენ გაცილებთ, გული გვევსება სიამაყით, იმიტომ, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს ასეთ პატარა ქვეყანას“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

 “ჩვენ სამაგალითონი ვართ თანამშრომლობის იმ მაღალი ხარისხითა და პარტნიორობით, რომელსაც ავღანეთში ვიჩენთ. თავად ვიხილე, თუ რა გამორჩეულები ვართ ქართველები და ყველანი ვამაყობთ თქვენით. დარწმუნებული ვარ, ამ საუკეთესო ტრადიციებს თქვენც გააგრძელებთ ავღანეთში. თქვენ აგრძელებთ ჩვენი გენის მებრძოლ სულისკვეთებას“, - მიმართა თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში მიმავალ სამხედროებს.