უცხოეთი
ლავროვი: აშშ–მა ასადს ბოდიში მოუხადა სირიის არმიაზე ავიაიერიშის გამო

 საქართველო, 27 სექტემბერი საქინფორმი. ამერიკულმა მხარემ სირიის ქალაქ დეირ ეზ-ზორში ავიაიერიშების გამო ბოდიში მოიხადა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელევიზიო არხ Россия-1-ის ეთერში განაცხადა. ინტერვიუს ნაწყვეტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

 როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა სამშაბათს, 20 სექტემბერს ნიუ იორკში გაიმართა.

 მინისტრის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ აღიარა, რომ ავიერიშები შეცდომა იყო და მომხდარის გამო სირიას ბოდიში მოუხადა. ვაშინგტონს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

 სირიის არმიის ცნობით, 17 სექტემბერს, საერთაშორისო კოალიციამ შეერთებული შტატების მეთაურობით ქალაქ დეირ ეზ-ზორი დაბომბა. არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად, 62 სირიის ჯარისკაცი დაიღუპა და 100 ადამიანი დაშავდა.

 9 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რუსეთის ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის სირიის საკითხზე მრავალეტაპიანი შეთანხმება გაფორმდა.

 კერძოდ, შეთანხმება მოიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედებას, ასევე ჰუმანიტარული მისიის შეუფერხებლად განხორციელებას. გარდა ამისა, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ სირიაში მყოფი მებრძოლების პოზიციების შესახებ ერთმანეთს ინფორმაციას მიაწვდიან.

 ასევე, შეთანხმების თანახმად, ტერორისტული დაჯგუფებების ობიექტებზე კოორდინირებული ავიაიერიშები განხორციელდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შესახებ არაერთხელ განაცხადა.