აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტს გორდონ ბირელს შეხვდა

  საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში გორდონ ბირელთან. შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც კომპანია BP საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა “შაჰ დენიზის” მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის  მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.

 გორდონ ბირელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.