პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნული მდივანი "ევროპულ ღირებულებებთან დაპირისპირებულ მომრავლებულ აქტორებს" დაუკვირდება

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა. დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამსახური ნებისმიერი ქართველისათვის უდიდესი პატივია.

 „ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ხოლო მაშინ, როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.

 საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას.

 ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.