სამართალი
რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გაიხსნა

  საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 „ახალი თაობის 112“ გადაუდებელი დახმარების მსოფლიოს საუკეთესო ცენტრების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. რუსთავის „112“ თბილისის ცენტრის პარალელურ რეჟიმში იმუშავებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეთა

 ზარებს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. ახალი ცენტრის მიზანია „112“-ის უწყვეტი ფუნქციონირება და თბილისის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის განტვირთვა.

 „იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევაზე სახელმწიფოს რეაგირების სტანდარტი იყოს უფრო მაღალი, რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი. შსს-ს „112“ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. ის წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო-სამაშველო სამსახურებს შორის. შესაბამისად, მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.