აქტუალური
ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში დაცემა დაიწყო

inphlaciaახალი წლიდან ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში დაცემა დაიწყო. რადიო კომერსანტის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი დოლარი 1, 8 ნიშნულზეა. ბანკებსა და გაცვლით ჯიხურებში კურსი გაცილებით დიდია. EBRD-ის ბანკირის - ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ახალი წლის შემდეგ ლარზე მოთხოვნა ტრადიციულად მცირდება. შესაბამისად ეს ხელს უწყობს კურსის დაცემას. მისი თქმით, 2010 წლის ბოლოს ლარის გამყარება ორი ფაქტორით იყო გამოწვეული. ესენია ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის შესაჩერებლად ამოქმედებული ბერკეტები და საახალწლოდ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა. ექსპერტის განცხადებითვე, ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ და საერთოდ მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ, რომ მზარდი ინფლაცია შეჩერდეს. ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი ნოდარ ხადური კი აცხადებს, რომ ლარის კურსის დაცემა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან გაძვირდება იმპორტირებული პროდუქცია. ხადურის თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები ინფლაციაზე ზემოქმედებისთვის, თუმცა ეს ბერკეტები საკმარისი არ არის.

ინფორმაციისთვის: გასული წლის ბოლოს საქართველოში 11,2%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მაქსიმალურია.