უცხოეთი
აშშ-ის კონგრესი რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური უწყების შექმნის საკითხს განიხილავს

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სპეციალური სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 დოკუმენტი 2017 წელს სადაზვერვო უწყებების დაფინანსებას ეხება და მას საიდუმლო დანართი აქვს, რომელშიც ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზეა საუბარი.

 კანონპროექტს წარმოამდგენელთა პალატის 390 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 30 კანონმდებელი იყო. 93-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი ახორციელებს მედიის მანიპულირებას და გავლენის აგენტებს აფინანსებს, ახორციელებს ხალხებსა და მთავრობებზე ფარულ გავლენას.

 სპეციალურ სტრუქტურას დაევალება, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ფარული გავლენის პოლიტიკას, მათ შორის დეზინფორმაციის, გავლენის აგენტების, რუსეთის უსაფრთხოების ძალებისა და პოლიტიკური ელიტის მიერ ჩადენილი კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ტერორიზმისა და მკვლელობების ფაქტების გამოვლენის გზით.

 კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის დაზვერვაზე 2017 წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა.

 აშშ-ის სენატმა დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა განიხილოს.