აქტუალური
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 72-ე შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი.  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხზეც იმსჯელეს და დააფიქსირეს, რომ მის მიმართ წაყენებული “ბრალდებები" არის უსაფუძვლო, გამოგონილი და, შესაბამისად, აუცილებელია გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც ექმნება საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, ღობეების თუ სხვა ხელოვნური ბარიერების გამო.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 18 იანვარს გაიმართება.