უცხოეთი
ყირგიზეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 37 ადამიანი ემსხვერპლა - ქვეყანაში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. 17 იანვარი ყირგიზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბიშკეკის მახლობლად მომხდარ ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოში 11 დაშავებული გადაიყვანეს. ბოინგ 747-ის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა.

  სატვირთო თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. ყირგიზეთის მთავრობაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.

  ბიშკეკის მახლობლად მდებარე სოფელში ამ დრომდე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ავიაკატასტროფის ადგილას დაღუპულებსა და დაშავებულებს ეძებენ. თურქული ავიაკომპანიის სატვირთო თვითმფრინავი გამთენიას, მანასის აეროპორტში დაშვების დროს ჩამოვარდა და ასაფრენი ბილიკიდან თითქმის ორი კილომეტრის მოშორებით საცხოვრებელ სახლებს დაეცა. დანგრეულია 30-ზე მეტი შენობა.

  სატვირთო თვითმფრინავი ჰონგ კონგი-სტამბოლის რეისს ბიშკეკის გავლით ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ყირგიზეთის დედაქალაქში ძლიერი ნისლი და ცუდი ხილვადობა იყო, თუმცა რა გახდა ბოინგის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

  დაღუპულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულებამდე ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი დახურული იქნება. სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ტრაგედიის ადგილას უკვე ჩავიდა ყირგიზეთის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტმა კი ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.