აქტუალური
ზესტაფონის მაჟორიტარმა ვაშინგტონში IRI-სა და USAID-ში შეხვედრები გამართა

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სათავო ოფისებში.

  შეხვედრებზე საუბარი საქართველოში ბოლოს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ პროცესებს, ინსტიტუციურ განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და კომუნიკაციის საკითხებს შეეხო. მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზეც, რომლებსაც IRI და USAID წლებია, საქართველოში ახორციელებენ და რომლებიც ახალგაზრდა ლიდერთა განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართულ-ამერიკულ მეგობრობასა და თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ ამერიკელი სენატორების სტუმრობა ამის ნათელი მაგალითია.