პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: „ხელისუფლებას ვურჩევ იხელისუფლოს, საზოგადოებას კვლავაც სამოქალაქო აქტიურობისკენ მოვუწოდებ“ (geomediatv)

  ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესებზე სასაუბროდ პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძეს დავუკავშირდით.

  -ბატონო ჯუმბერ, პრეზიდენტის არჩევის წესზე რას ფიქრობთ? პირდაპირი თუ ირიბი? თუ ყველა არჩევნების შემდეგ საზოგადოება ამბობს, რომ არცევნები გაყალბდა,რომ არჩეული კი არა დასმულია თუნდაც პრეზიდენტი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს როგორი წესით მოხდება არჩევა? თუ ასე იქნება, რატომ ალაპარაკებს საზოგადოებას მთავრობა? აი, თუნდაც, ბოლო გახაურებული არჩევნები საზმაუს შემთხვევაში-იყო არჩევნები და ყველა ამბობს, რომ ხელისუფლების კადრი დაინიშნა. იგივე მარგველაშვილის შემთხვევაში-მითუმეტეს ახლა უმრავლესობა „ოცნებაა“ პარლამენტში და არ გაუჭირდება მისი კადრის გაყვანა.

  -მე, საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შემოღების და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე ვარ. იმიტომ, რომ დრომ გვაჩვენა, “ერთ კაცზე ჩამოკიდებულმა” (საპრეზიდენტო რესპუბლიკა) პოლიტიკურმა სისტემამ საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა, როგორც პოლიტიკაში, ეკონომიკაში, დემოკრატიის განვითარებაში, ასევე სხვა ყველა სფეროში! საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში კი, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, ხოლო, როგორც წესი ამ პოსტს იკავებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განუზომლად იზრდება მმართველი პოლიტიკური პარტიის როლი, თუ რამდენად ძლიერი, მობილიზებული და პროფესიონალი კადრებით იქნება იგი დაკომპლექტებული. ამავდროულად, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, ქვეყანაში სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისათვის საჭიროა 4-5 კონკურენტუნარიანი ძლიერი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება. ამიტომ, საქართველოს ორგანული კანონი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, საფუძვლიან განახლებას მოითხოვს, რომელიც სრულად უნდა პასუხობდეს ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების მოდელს, სადაც პოლიტიკური პარტიების როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტია! სხვათაშორის, განვლილმა საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მეტი პოლიტიკური და საკადრო რესურსი და რეზერვი ქვეყანას არცა აქვს. ამიტომ, სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული საქართველოს მცირერიცხოვანი, კვალიფიცირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევაც, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებშია. მიმაჩნია, რომ “ქართული ოცნების” არსებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ უნდა განახორციელოს პრეზიდენტის არჩევითობის წესის ცვლილება! საქართველოს პრეზიდენტი არჩეულ უნდა იქნას არა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, არამედ, კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ანუ, უკვე 2018 წლიდან (როდესაც მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება!) ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტის, ან ე.წ. ამრჩევი კოლეგიის მიერ! გარდა ამისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში უარი უნდა ვთქვათ არჩევნების მაჟორიტარული წესზე! მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ქვეყანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შემოღებული უნდა იქნას ორპალატიანი პარლამენტი (შემოერთებული, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით!), სადაც პარლამენტის ზედა პალატა (30 წევრი) არჩეული იქნება აღდგენილი მაჟორიტარული წესით, ხოლო ქვედა პალატა (120 წევრი) პროპორციული წესით. მიმაჩნია, რომ დღეს არსებული კონსტიტუციური და პიროვნული შეუთანხმებლობის თუ შეუსაბამობის მიზეზი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩეულ იქნა საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების გზით, რაც მას ანიჭებს მაღალ ლეგიტიმაციას, ეს კი, პრინციპში ეწინააღმდეგება საპარლამენტო რესპუბლიკის მართველობის ფორმას, საითაც საქართველო მიისწრაფის! ამიტომ, მომავალში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, უნდა იქნას გაუქმებული!

-მთავრობა იღებს ახალ გადაწყვეტილებებს-მაგალითად, ავანსის დღგ-თი დაბეგვრა, დევნილებისთვის შემწეობის მოხსნა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე არანაირი საპროტესტო ნოტა…ლარის კურსი ხომ აქილევსის ქუსლი გახდა,  ყოველ დღე საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავს. ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ისეთ განცხადებას აკეთებს რასაც ხალხის უკმაყოფილება სდევს თან, ლოგიკურია დაისვას კითხვა- რატომ უნდა გააკეთო და თქვა ყოველ დღე ისეთი რამ, რომ საზოგადოების ლანძღვა დაიმსახურო?

დევნილებისთვის ე.წ. შემწეობების (კომპენსაცია) მოხსნა არ შეიძლება, სანამ არ დააბრუნებენ საკუთარ სახლებში. ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში ასეა, სადაც ეს პრობლემაა არსებობს (კვიპროსი, ბალკანეთზე და სხვაგან). არის საკითხები, რომლებიც ინდივიდუალურად შეიძლება გადაწყდეს. მაგალითად, თუ დევნილი მოქალაქე მაღალი თანამდებობის პირია, ანდა შეძლებულ ფენას ეკუთვნის და ა.შ. როგორ გგონიათ, ამის შემყურე (დახმარების შეწყვეტა), აფხაზებს და ოსებს “მოუბრუნდებათ გული” საქართველოსკენ?!

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებაში კი, ხელისუფლების “მომლოდინე” პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჯერჯერობით, მეტს არაფერს ვიტყვი.

ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებას, ალბათ, მცირე დრო კიდევ სჭირდება, რომ პირველადი დასკვნები გავაკეთოთ.

-და ბოლოს, როგორც პოლიტოლოგი, რას ურჩევთ ხელისუფლებას და საზოგადოებას?

– ხელისუფლებას ვურჩევ იხელისუფლოს და ნაკლები დრო დაუთმოს პოლიტიკურ პოპულიზმს, ხოლო საზოგადოებას კვლავაც სამოქალაქო აქტიურობისკენ მოვუწოდებ, დიახ, მხოლოდ სამოქალაქო და ეროვნული სოლიდარობა დააყენებს ფეხზე ჩვენს ქვეყანას და არა, მესიების და გადამრჩენელების ლოდინი!..