უცხოეთი
ნატოს გენმდივანმა რუსეთთან დიალოგის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა

  საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე იენს სტოლტენბერგი ამ ფორმატის აღდგენაზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატოს სურს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი და ამისათვის ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენაა საჭირო.

აქვე სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სხდომის განახლება არ ნიშნავს, რომ ნატო და რუსეთი პრაქტიკულ თანამშრომლობას დაუბრუნდებიან. "ეს იქამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

განცხადება ამ თემაზე კრემლშიც გაკეთდა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში ნდობის დეფიციტია.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი რუსეთის საზღვრებთან ნატოს პოტენციალის გაზრდას არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.