აქტუალური
ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს

erovnuli-bankსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მესამედ დატოვა უცვლელად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც უდრის 7,5 პროცენტს.

18 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ "ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ დაიწყებს შემცირებას“.

2010 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 11,2 პროცენტი შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა გასულ თვეში, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად 15 პროცენტამდე გაზრდის შესახებ და რომ დასაწყისისთვის, 20 იანვრიდან, აღნიშნული სარეზერვო ნორმა 10 პროცენტამდე გაიზრდებოდა.

ახლა კი ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან 15 პროცენტამდე გაიზრდება სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) გასულ კვირას განაცხადა, რომ, მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა და სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წელს ინფლაციის შემცირებას დაეხმარება, მაგრამ "ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ შემდგომშიც გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ კვლავ შენარჩუნდება ინფლაციური ზეწოლა“.