აქტუალური
თავდაცვის მინისტრი თურქეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს  უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას რეგიონული უსაფრთხოების გარემო, რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობა და შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ და სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თურქეთში ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი შეხვედრა ხელს შეუწყობს სტრატეგიული კავშირებისა და თანამშრომლობის განმტკიცებას.