აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი: საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. გასულ კვირას, მხოლოდ ერთ კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს,  4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს იყო დიდოსტატ ნანა ძაგნიძის ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე; პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის. 22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია. საქართველოს ნაკრების წევრმა კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა. ეს ნამდვილად არის ძალიან ღირსშესანიშნავი წარმატება“, - განაცხადა პრემიერმა.