რედაქტორისგან
საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ასაფლავებენ! - „საქინფორმის“ ნეკროლოგი

   „საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2017 წლის 15 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 25 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა სიტყვის თავისუფლება.

სიტყვის თავისუფლება დაიბადა საქართველოში 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ რეფერენდუმზე, ხოლო მისი ნათლობა 9 აპრილს შედგა.

სიტყვის თავისუფლების ნამდვილი მამები იყვნენ საქართველოს პირველი და მეორე პრეზიდენტები - გამსახურდია და შევარდნაძე, მაგრამ თვით მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც კი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას დროდადრო აუპატიურებდა, ვერ გაბედა მისი დამარხვა, რასაც დღეს სჩადის საქართველოს პარლამენტი!

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ქართული ოცნება საქართველოს ნატოში შესვლაა, ახლა ჩაწერენ, რომ საქართველოში აკრძალულია “პრორუსული პროპაგანდა - რუსეთის რეკლამა”, და რომ პირზე ყველას ერთი “ნარატივი” უნდა ეკეროს - აშშ-ის და ევროპის რეკლამა.

2017 წლის 15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” (თავმჯდომარე - ეკა გიგაური, სპონსორები - დამფუძნებლები - აშშ-ის განვითარების სააგენტო USAID, ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” - სოროსის ფონდი საქართველოში და სხვა დასავლური დივერსიული ორგანიზაციები) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიტანა კანონპროექტი “პრორუსულ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ”, რომლითაც იკრძალება რუსეთისა და რუსების შესახებ რაიმე კარგის დაწერა ან ჩვენება. ამგვარად, სიტყვის თავისუფლებამ საქართველოში სული განუტევა...

დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო იკისრებს - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მისი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ ინიციატივას და პირობაც კი დადეს, რომ კანონპროექტს “სრულყოფილებამდე” მიიყვანენ და ისე წარმოადგენენ “უახლოეს ხანებში” საპარლამენტო სესიაზე განსახილველად.

პანაშვიდები გაიმართება საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში რუსთაველის გამზირზე, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით განხილვის დროს.

წესის აგება - საქართველოს პარლამენტის სამლოცველოში რუსთაველის გამზირზე, კანონის მესამე მოსმენით მიღებისას.

გამოსვენება - საქართველოს პარლამენტის შენობიდან რუსთაველის გამზირზე, რომელიც კავკასიის არმიის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის დანგრეული საკათედრო ტაძრის ადგილზეა აშენებული.

კუბოს სიტყვის თავისუფლების ცხედრით მესაფლავეები - პარლამენტარები ხელით ჩაატარებენ მთავრობის კანცელარიასთან, სადაც სამგლოვიარო პროცესიას შეუერთდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპორტფელო და უთავო მინისტრი ვიკა დოლიძე.

სიტყვის თავისუფლება დაკრძალული იქნება თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, იაკობ გოგებაშვილისა და ზვიად გამსახურდიას გვერდით.

გამოსათხოვარი სიტყვით გამოვა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე აფგან მუხთარლი.

ქელეხი - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საბანკეტო დარბაზში მისამართზე: სანდრო ეულის ქ.№5ა.

თამადად ქელეხზე დანიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.

საქინფორმი გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს განსვენებული სიტყვის თავისუფლების ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს - ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას საქართველოში, აგრეთვე მთელ ქართველ ხალხს, რომელსაც საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებელიც კი წაართვეს!

2017 წლის 19 ივნისი
საქართველო, თბილისი