რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “უკრაინას დღეს სააკაშვილის გამო საქართველოსი და რუსეთის რცხვენია!”

   “საქინფორმის” რედაქციას ხშირად ეკითხებიან: რეალურია თუ არა სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოში? მართალია თუ არა, რომ ამის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს პრეზიდენტ პოროშენკოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რის შესახებაც ამასწინათ განაცხადა სააკაშვილის თანამოსაგრემ დავით საყვარელიძემ?

მკითხველთა შეკითხვებს “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს:

“სააკაშვილი - გადამუშავებული მასალაა, რომელიც დღეს აღარავის სჭირდება არც უკრაინაში და არც საქართველოში. მას არასოდეს ახსენებენ საქართველოში ჩამოსული დასავლური დელეგაციები - ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ისა და ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საგარეო პოლიტიკურ “უალტერნატივოდ ევროატლანტიკურ” კურსს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არანაკლები წარმატებით, თანაც საშინაო ექსცესების გარეშე აგრძელებს და სააკაშვილისგან განსხვავებით, დასავლეთს ზედმეტ “თავის ტკივილს” არ უჩენს.

რაც შეეხება უკრაინას, იქ სააკაშვილი მთლიანად ლუსტრირებულია. რეფორმები ბლეფი აღმოჩნდა, ისევე, როგორც საქართველოში. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ფსიქიკურად არასრულფასოვან სააკაშვილს ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნია ეკონომიკის, სახელმწიფო და სამეურნეო მართვის სფეროში. რაც შეეხება “ქართული ლეგიონის” მეომრებს, მათ რუსების წინააღმდეგ ცხინვალში ვერ ივარგეს, დონბასში როგორ გამოდგებიან?!

მეტსაც გეტყვით - დღეს დემაგოგი და პიარის დიდოსტატი სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რამეთუ მისი “შავი” პიარი პოროშენკოს ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული, როგორც საქართველოში იყო შევარდნაძის ხელისუფლებისას. უკრაინაშიც სააკაშვილი საბოლოო მიზნად “ფერადი რევოლუციის” გზით ხელისუფლების შეცვლას ისახავს, როგორც საქართველოში გააკეთა.

და რამდენიც უნდა იყვიროს სააკაშვილმა, რომ უკრაინელი და უკრაინის მოქალაქეა, ის იქ ყოველთვის უცხოდ დარჩება. ამ მხრივ საგულისხმოა ცნობილი ინციდენტი ავაკოვთან, რომელმაც სააკაშვილს ქურდი უწოდა, ბოლო ფაქტი კი იყო სკანდალი იუსტიციის სამინისტროში, რომელმაც სააკაშვილის ორეული და მისი პარტიის ორეული რეგისტრაციაში გაატარა.

კიევში კარგად ესმით, რომ თუ დღეს სააკაშვილს არ შეაჩერებენ, ის ხელისუფლებაში შეაღწევს, გამორიცხული არ არის - ტიმოშენკოსთან კოალიციაში, და მორიგი მაიდნის პროვოცირებას მოახდენს.

ოფიციალურ კიევს სააკაშვილის დაპატიმრების და მისი საქართველოში ექსტრადიციისთვის კიდევ ერთი მოტივი აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ სააკაშვილი პოროშენკოს ხელისუფლებას უზარმაზარ დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ტელევიზორების ეკრანებიდან თავის საავტორო გადაცემაში გამუდმებით ლაფში სვრის პოროშენკოს და მის გუნდს დასავლეთის წინაშე.

და რაც მთავარია, უკრაინა დღეს სააკაშვილის გამო საქართველოსა და რუსეთის წინაშე თავს უხერხულად გრძნობს! ოფიციალური კიევი იძულებულია, დარცხვენილმა აღიაროს სააკაშვილის მიმართ რუსეთისა და საქართველოს პოზიციის მართებულობა, თუმცა - დიდი დაგვიანებით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ყირიმი და დონბასი დაკარგა, ისევე, როგორც საქართველომ დაკარგა სააკაშვილის ხელდასხმით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. უკრაინას სურს, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს თავისი სირცხვილი - როდესაც თბილისი და მოსკოვი ბოროტმოქმედ სააკაშვილს ამხელდნენ, კიევი ხომ მას უფრთხილდებოდა და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა!

დღეს, დანაშაულის როგორმე გამოსასყიდად და შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, უკრაინიდან სააკაშვილის თითქმის მთელი “ქართული გუნდი” გამოაძევეს, მალე კი, სანდო წყაროების ინფორმაციით, თავად მას დააპატიმრებენ და საქართველოს გადმოსცემენ, რასაც ადრე არ აკეთებდნენ მაკკეინთან და ჰილარი კლინტონთან მისი კავშირების გათვალისწინებით, რომლებმაც დღეს აშშ-ის ვიზის გაგრძელებაში დახმარებაზეც კი უარი უთხრეს.

არსებობს, აგრეთვე, ინფორმაცია მაღალი რანგის შეხვედრებზე თბილისში, სადაც ხშირად ჩამოდიან უკრაინული დელეგაციები, მათ შორის - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში რამდენიმე ბრალდების გამო, ამიტომ საქართველო და უკრაინა ვეღარ იქნებიან პარტნიორები და მეგობარი ქვეყნები, თითქოს აქ არაფერიაო, ვიდრე უკრაინა სააკაშვილს საქართველოს არ გადმოსცემს! უკრაინას სააკაშვილთან დაკავშირებული უსიამოვნო წარსულის დავიწყება და საქართველოსთან ურთიერთობის “სუფთა ფურცლიდან” დაწყება სურს, მან საქართველოში თავისი ელჩიც კი გამოცვალა.

მითუმეტეს, რომ სააკაშვილის თითქმის ყველა მომხრე და, ასევე, ტელეკომპანია “რუსთავი 2” თავის გადასარჩენად მას განუდგნენ! “რუსთავი 2” სააკაშვილს უკვე იშვიათად თუ ახსენებს, ხოლო ძველმა გამოცდილმა თანამებრძოლებმა, რომლებიც “ნაცმოძრაობის” სათავეებთან იდგნენ, ახალი პარტია შექმნეს.

გარდა ამისა, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს ამოტივტივდეს მისი კავშირი ფეთჰულაჰ გიულენთან - მისი დედის გიული ალასანიას უახლოეს მეგობართან და კომპანიონთან, რომლებმაც ერთად დააფუძნეს საქართველოში თურქული უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების ქსელი და ახლა ისინი თურქეთის მოთხოვნით იხურება, როგორც “ტერორიზმის ბუდეები”.