პოლიტიკა
„უარმიო გენერლისა“ და „მტირალა დეპუტატის“ ამბავი:– „გადი, ბი–ჭოო!“

cagareishvili-nogaideliქართულ ოპოზიციურ სპექტრში თითქმის ყველა პარტიის ლიდერი თუ წარმომადგენელი იმას ღაღადებს, რომ ერთმანეთში ქიშპის ნაცვლად ერთად უნდა დადგნენ და საქმე აკეთონ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლების შეცვლა სურთ, ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. მორიგი „მედიაკონფლიქტი“ ამჯრად პარტიაწართმეულ ოპოზიცონერს ზურაბ ნოღაიდელსა და სენტიმენტალიზმით ცნობილ დეპუტატს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ გია ცაგარეიშვილს შორის გაღვივდა. ისინი ერთმანეთს გასულ კვირას დაუპირისპირდნენ.

ერთ–ერთ საგაზეთო ინტერვიუში ცაგარეიშვილმა ექსპრემიერი „უარმიო გენერლად“ მოიხსენია, რაც თავისთავად გახდა ჟურნალისტების ინტერესის საგანი ნოღაიდელის მიერ გამართულ ბრიფინგზე. ექსპრემიერმა ეს ინფრომაცია იწყინა და ცაგარეიშვილს ურჩია, "წავიდეს და იტიროს".
"ცაგარეიშვილის საკრიტიკო არაფერი მაქვს. არმია 67 რაიონული ორგანიზაციის სახით მყავს, მაგრამ გენერალი ჯერ არ არის. ცაგარეიშვილის კრიტიკაღა მაკლდა! ვურჩევ, წავიდეს და იტიროს, როგორც  ამას  შიგადაშიგ აკეთებს ხოლმე", - განაცხადა ნოღაიდელმა, თუმცა მომავალი „გენერლის“ არმიის რეალურ სიდიდეს მისი ახალი პარტიის გაზაფხულზე დაგეგმილი პირველი ყრილობა გვიჩვენებს.

ნოღაიდელის ამ გამოსვლას კვლავ დეპუტატის კომენტარი მოჰყვა, რომელმაც „უარმიო გენერალს“ ამჯერად „დაღლილი ვირი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისგან წიხლი არ სწყინს.

„ის დღევანდელი ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ციხეში უნდა იჯდეს, ან, ოქრუაშვილის მსგავსად, პარიზს აფარებდეს თავს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დაპირისპირებულ მხარეებთან დაკავშირება და იმის გარკვევა, რატომ დაიწყეს ერთმანეთის ლანძღვა, საქინფორმმაც სცადა, თუმცა ნოღაიდელმა აღნიშნული საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა, ცაგარეიშვილთან დაკავშირება კი, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ალბათ, ეს საკითხი მსგავს აქტუალობას არც უნდა იძენდეს, თუმცა ყველაზე სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ქართული საინფორმაციო მედიის პოლიტიკური განყოფილება „ყვითელ პრესას“, ქართველი პოლიტიკოსები კი იუმორისტული სერიალის „შუა ქალაქის“ გმირებს ხშირად ემსგავსებიან. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებისგან და თავად პოლიტიკოსებისგან ისმის, ოპოზიცია შერიგების პოლიტიკას ვერა და ვერ დაადგა, რადგან მათი უმეტესობა ამის აზრსაც კი ვერ ხედვას – მათ იციან, რომ ნებისმიერ არჩევნებზე ერთმანეთთან დაპირისპირება და „სკამების ომი“ მაინც მოუწევთ.

აქედან გამომდინარე, გვინდა თუ არა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე ჭკვიანი აღმოჩნდა – როცა „ოპო“ ერთმანეთს „კენჭებს ესვრის“, ხელისუფლება საქმეს აკეთებს, თუნდაც ეს საქმე მოსახლეობის მოსყიდვა ან „ტკბილი“ მუქარა იყოს, ბიზნესის დატერორება ან შეკვეთილი მკვლელობა და თუ მმართველ გუნდში რაიმე დაპირისპირებაა, რომელიც ხშირად ოპოზიციის დაპირისპირებაზე ბევრად მნიშვნელოვანია, საქმე კულისებს მიღმა გვარდება და არა „დაღლილი ვირისა“ და, „მტირალა დეპუტატის“ მსგავსად, პრესის მეშვეობით, რაც ზოგჯერ თვით პრეზიდენტ სააკაშვილის სატელევიზიო ხუმრობის მიზეზი ხდება ხოლმე.