საზოგადოება
თელავში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

ltolvilebi_3თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 58 ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც დევნილები ამბობენ, ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აღარ ახსოვს. დევნილები 28–ლარიანი დახმარების გარდა, ყოველგვარ შემწეობას მოკლებული არიან. მათ არც ელექტროენერგიის ვაუჩერი და არც სამედიცინო პოლისი არ გააჩნიათ. რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, დევნილების საცხოვრებელ სახლში სასმელი წყალიც იშვიათად მოდის და ისიც მხოლოდ ნაწილს მიეწოდება.

მოსახლეობამ პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით სცადა და ჭის ამოთხრა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. დევნილები „ჰერეთთან“ საუბარში დანესტიანებულ ოთახებზეც საუბრობენ და დახმარებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სთხოვენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, თელავში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე 5–სართულიან კორპუსში, სოხუმიდან დევნილი 58 ოჯახი დაასახლა. 17–წლიანი ცხოვრების შემდეგ ისინი სამინისტრომ ტურბაზის შენობიდან გამოასახლა. დევნილებისთვის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა პრობლემებით დაიწყო და, როგორც ისინი ამბობენ, დღემდე ასე გრძელდება.