უცხოეთი
საქართველოს პრემიერმა ისრაელში ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველო ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმში ვიზიტის პირველი დღის შეჯამებისას.

 კვირიკაშვილი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრემიერი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამენ ნეთანიაჰუს. მთავრობების მეთაურებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

 "ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის. ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა, შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

 პრემიერმა აღნიშნა, რომ ისრაელი ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

 "ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ მსგავსი. ისრაელმა შეძლო აეშენებინა ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ამას სჭირდება მთელი ერის კონსოლიდაცია და ნამდვილად მაგალითია ყველა პატარა ერისთვის, ვისაც სურს გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს საკუთარ ქვეყანაში", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

 მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა, თუ რას ელოდება ისრაელთან თანამშრომლობისგან.

"მე ასევე დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ნეთანიაჰუს ვიზიტის შემდეგ, სავარაუდოდ, გააქტიურდებიან ისრაელელი ბიზნესმენებიც.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე — ქნესეთის ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან.

ოფიციალური შეხვედრების გარდა ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

sputnik-georgia.com